Picture
ხელისუფლება 2003-2012 წლებში ახორციელებდა სახელმწიფოს მიზანმიმართულ ნგრევას, ანუ დივერსიას
2006 წლიდან მიმდინარეობს მცირემიწიან საქართველოში უცხოელების ჩამოსახლებისა და მათ მიერ მიწის შეძენის პროცესი. უკვე ვხედავთ ამ პროცესის შედეგებს. სახეზეა მოსახლეობათა ურთიერთშეუსატყვისობა, ისტორიის, ზნე-ჩვეულებების (ტრადიციის), რელიგიის, ზოგადკულტურული ფონისა და აქსეოლოგიური ფონის მხრივ, მითუმეტეს _ ენის მხრივ.


იცლება სტატუსდაკარგული ქართული სოფელი, ქართველ ერს ძირი ეთხრება. მიმდინარეობს ქართველი ერის გენოციდი. პირველად ქვეყნის ისტორიაში ქალაქად შობადობამ გადააჭარბა სოფლისას, მოიშალა სოციალური და საწარმოო ინფრასტრუქტურა, სოფელი კარგავს ისტორიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ფუნქციას. ქართული სოფლისთვის დამახასიათებელი გახდა სიღარიბე, რაც ძნელად მოსაშორებელია. ამიტომაც იზრდება დაძაბულობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მკვიდრ მოსახლეობასა და ჩამოსახლებულ უცხოელებს (ინდოელები, ჩინელები და სხვ.) შორის.

საქართველო უძველესი, თვითმყოფადი აგრარული კულტურისა და საკვებმოპოვების მოწინავე გამოცდილების ქვეყანაა. ქართველი ხალხის ისტორიულმა ორგანულმა კავშირმა მიწასთან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქართული სახელმწიფოებრიობა, მისი სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეთნოფსიქოლოგიური და ეთნოკულტურული საფუძვლების შექმნა და განვითარება.

მიწა ერისათვის მისი ყოფიერების ტერიტორიაა, ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც. იგი სასიცოცხლოდ აუცილებელი ბაზაა, რომელიც არსებითად განსაზღვრავს ქვეყნის ყოველმხრივი დამოუკიდებლობის ხარისხს და ფაქტობრივად წარმოადგენს მოცემულ სივრცეში ერის სულისდგმისა და შემოქმედების აუცილებელ პირობას.

სააკაშვილის მთავრობა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე (მოქალაქეობის არმქონე პირებზე) გასხვისებისა და ქართველი გლეხობის სოფლიდან აყრის პროცესს უნიათოდ ნიღბავდა ფსევდოლიბერალური (რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ლიბერალიზმთან) იდეოლოგიით და მოსაზრებით, თითქოს შემოსულნი საქართველოში სოფლის მეურნეობის გაძღოლისა და ბუნებათსარგებლობის თანამედროვე კულტურას შემოიტანენ. სინამდვილეში ეს ღონისძიება ერთ-ერთი ელემენტია ფართო პროგრამისა, რომელიც მდგომარეობს საქართველოს მოსახლეობის შეცვლაში _ ქართველების განდევნაში ეკონომიკური გაჭირვების ორგანიზების გზით და ახალი, უცხო მოსახლეობის შემოყვანაში, რომელიც სავსებით გულგრილი იქნება საქართველოს ისტორიულმასშტაბიანი ეროვნული ინტერესებისადმი, მაშასადამე, _ ადვილად მიმართვადი საქართველოს ინტერესთა საწინააღმდეგო მოქმედებისკენ. ხალხის «სასიკეთოდ» მიღებულ ამგვარ გადაწყვეტილებებს ქვეყნისათვის გამოუსწორებელი ზიანის მოტანა შეუძლია.

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული ქართველი ერისა და მისი სახელმწიფოს წინააღმდეგ მისი ისტორიის მანძილზე მიწათმფლობელობის სფეროში არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის აქტი «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება #3/1/5/512», რომლითაც გაუქმდა უამისოდაც უაღრესად არასრულყოფილ, სახელდობრ, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესთა უგულებელმყოფელ «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» საქართველოს კანონში გათვალისწინებული ყველა შეზღუდვა უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასა და საკუთრებაში ქონაზე. ამით საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწა _ ქართველი ერისა და საქართველოს ყველა მოქალაქის და მათი შთამომავლობის საარსებო ბაზა აწ და მარადის – გატანილი აღმოჩნდა მსოფლიოს ღია ბაზარზე, სადაც დღესდღეობით არ ფიგურირებს საქართველოს არც ერთი კონკურენტუნარიანი მოქალაქე.

ყოველივე ეს შედეგია იმ დანაშაულებრივი პოლიტიკისა, რომელსაც ეწოდა საქართველოს მმართველი ხელისუფლება 2003-2012 წლებში და რომელიც პრაქტიკულად მხილებულია იმაში, რომ

_ იგი იმყოფებოდა შეთქმულების შემადგენლობაში არჩევნების ტოტალური გაყალბების გზით ხელისუფლების უწყვეტი უზურპაციის მიზნით;

_ იგი ახორციელებდა სახელმწიფოს მიზანმიმართულ ნგრევას, ანუ დივერსიას;

_ იგი აწყობდა საქართველოს მოსახლეობის შეგნებულ ეკონომიკურ გენოციდს იმ მიზნით, რომ ქართველი მოსახლეობისთვის ეიძულებინა ემიგრაციაში წასვლა, ხოლო სამაგიეროდ მასობრივად (და საქართველოსთვის _ დემოგრაფიულად მომაკვდინებელი მასშტაბით) შემოეყვანა ახალი მოსახლეობა ახლო და შორი უცხოეთიდან.

«ნაციონალური მოძრაობის» აგრარული პოლიტიკის სტრატეგია ემყარებოდა იმის არგათვალისწინებას (არცოდნას ან არცოდნის სიმულაციას), რომ:

_ ქვეყნის რესურსულ პოტენციალში მიწას, როგორც უვადო ეკონომიკურ აქტივს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება;

_ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოება მიწის საკითხს უდგება საკუთარი ეროვნული და საზოგადოებრივი მიზანშეწონილობის მიხედვით: თუ საკუთრების კლასიკური გაგება წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოებრივ ინტერესებთან, უყოყმანოდ იწირება თეორია. ამ მხრივ დასავლური სახელმწიფოები არავითარ სიმორცხვეს არ ამჟღავნებენ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ მიწის საკუთრება, განსხვავებით სხვა ქონებისაგან, ერის საყოველთაო ინტერესების სოციალურ-სამართლებრივ მოთხოვნებს დაუქვემდებარა;

_ საქართველოში გაეროს სპეციალური მეთოდიკით გაანგარიშებული ნივთობრივი სიმდიდრე 1990 წელს სულ 275 მლრდ დოლარის ტოლფასი იყო, რომელშიც მიწას 54,3% ეკავა;

_ ამჟამად პლანეტაზე მიწის ერთი ნაგლეჯიც კი არ არის თავისუფალი და, თუ გადავხედავთ თანამედროვე კონფლიქტების უმრავლესობას, მათი მიზეზი სწორედ ტერიტორიული დავაა.

_ სამშობლოს დაცვით ქართველი გლეხი თავის პირად მამაპაპურსაც, თავის «მამულსაც» იცავდა. სხვა სიტყვით: თავის პირად მამულს იგი თავისი დიდი მამულის _ თავისი სახელმწიფოს _ დაცვის სახით იცავდა.

იმიგრაციული ნაკადების უკონტროლობა და საქართველოს მოქალაქეების უკიდურესი გაღარიბება უკვე სრულიად რეალურ საფრთხეს ქმნის იმისას, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდება, თან ეს ქვეყნები (ჩინეთი, ინდოეთი, რიგი არაბეთის სახელმწიფოები, ისრაელი, ირანი, თურქეთი) გამოირჩევიან დიდი ეკონომიკურ-საფინანსო პოტენციალით, უმწვავესი ჭარბმოსახლეობით და მცირემიწიანობით. საქართველოს მოქალაქეთა პროტესტის შესამსუბუქებლად არის მცდელობა, ეს პროცესი ინვესტიციების მოზიდვით გაამართლონ, თანაც გვმოძღვრავენ და გვამშვიდებენ, «მიწას ზურგზე ხომ არ მოიკიდებენო». არ მოიკიდებენ, მაგრამ ამ მიწაზე დამკვიდრდებიან და ძალიან დიდი რაოდენობითაც, თუ დროზე არ მოვედით გონს! ეს საშიში პროცესი შედარებით წყნარად და უხმაუროდ მიმდინარეობს, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ქვეყნის ვინაობისა და რაობის დაკარგვის ტოლფასია. ქართულ საზოგადოებას მოქმედება უსწრაფესად მართებს, რადგან პროცესები ძალიან მალე მიიღებს კატასტროფულ ხასიათს. შესაძლებელია, ამ ისტორიული ეტაპიდან საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის ეროვნულ უმცირესობად გადაქცევის გარდაუვალობა ჯერ ბუნდოვნად მოჩანს ზოგიერთისთვის (სახელდობრ, ნაკლებ მცოდნეთათვის), მაგრამ საკმარისია, ჩვენში შეიქმნას დემოგრაფიული ექსპანსიისათვის საჭირო ბაზები, რაც სულ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის დამკვიდრებას გულისხმობს, რომ პროცესები არა მხოლოდ შეუქცევად ხასიათს მიიღებს, არამედ ყველასთვის ხილულიც გახდება.

მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხს. მაგალითად, ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სახელმწიფო დონეზე (ირლანდია, ჩეხეთი) იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადაცემა. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი თურქეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში, პოლონეთში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. მაგალითად, აშშ-ის ზოგიერთ შტატში, კანადის რამდენიმე პროვინციასა და ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში აკრძალულია მიწის უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ შესყიდვა. ზოგან ეს პროცესი ირიბი მექანიზმებით არის უზრუნველყოფილი, მაგალითად, ევროკავშირში, მართალია, მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების მხრივ წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები გათანაბრებულნი არიან ერთმანეთთან, მაგრამ მათთვის დაწესებული შეღავათები ეკონომიკურად თითქმის შეუძლებელს ხდის მესამე ქვეყნების რეზიდენტების მიერ მიწის შეძენას. ახალ ზელანდიაში შექმნილია მიწის დაცვის ტრიბუნალი და ეს ორგანო კონკრეტულად განიხილავს 2 ჰა-ზე მეტი მიწის შესყიდვის მსურველთა ყოველ განცხადებას, დადებითი გადაწყვეტილება კი უამრავი პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია ისიც, რომ თვით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორისაც შეიძლება იყოს ამგვარი შეზღუდვები, რისი მაგალითიც არის ირლანდიის კანონმდელობა, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო, რათა მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების და, განსაკუთრებით, დიდი ფართობის მიწის შეძენა. აშშ-ში 1978 წელს მიღებულ იქნა ფედერალური აქტი სოფლის მეურნეობაში საზღვარგარეთული კაპიტალდაბანდებების შესახებ. მართალია, ამით დაშვებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა, მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა განიხილება ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ძირითადი რეგულირება აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისათვის მიყიდვის საკითხზე ცალკეული შტატის დონეზეა დაწესებული. ამგვარი კანონმდებლობა აკრძალვების სხვადასხვა დონეს გულისხმობს და უკვე შტატების ნახევარზე მეტშია მიღებული. ამასთან, რაც უფრო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებისაა შტატის ეკონომიკა, მით უფრო მკაცრია აკრძალვა, უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის სრულ აღკვეთამდე (ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მკაცრ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები განსაკუთრებით ეხება სპეციალურ სასოფლო-სამეურნეო განათლებას, აგრარული შრომის გამოცდილებას, სოფლად ცხოვრებას, სათანადო კაპიტალის ფლობას, ფერმერის სტატუსის ქონას და სხვ.). ამის შედეგია ის, რომ აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 1%-ზე ნაკლები ეკუთვნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ძირითადად ევროპელები და კანადელები არიან.

ამ სასიცოცხლო თემაზე საზოგადოებამ უნდა იცოდეს შემდეგი:

მიწა, საკუთრების სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, ერთდროულად წარმოადგენს საკუთრების ობიექტს, წარმოების საშუალებას და სახელმწიფო ტერიტორიასაც. ამდენად, მიწის საკუთრებას, გარდა ეკონომიკური და იურიდიული დატვირთვისა, პოლიტიკური ასპექტიც გააჩნია. ესაა სახელმწიფო ტერიტორიული შეუვალობა, ანუ სუვერენიტეტი. სუვერენია ხალხი (ერი).

ის ფაქტი, რომ ტერიტორიულ სუვერენიტეტს იცავს სახელმწიფო, სულ არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოა მიწის უზენაესი მესაკუთრე. სახელმწიფო ტერიტორია (მიწა) ხალხის (ერის) საკუთრებაა. ერი, როგორც აღნიშნული უფლების სამართალმემკვიდრე, არ გულისხმობს მხოლოდ დღევანდელ თაობას. ეროვნული სამართალშეგნება სამართალსუბიექტად მიიჩნევს ასევე წარსულ და მომავალ თაობებსაც. სწორედ ამიტომ არც ერთ თაობას (მით უფრო, გარკვეული ვადით მოსულ ხელისუფლებას) არ აქვს არანაირი უფლება, საძვალე მოუშალოს წინაპრებს და მამული გაუყიდოს შთამომავლობას.

მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივი საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების საკითხს აყენებს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაეკითხოს ერს (ხალხს), სურს მას ამ საკუთრების გასხვისება უცხოელებზე თუ არა. ამ შემთხვევაში დემოკრატიული ქვეყნების «დემოსი» რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს, მთავრობა კი, რომელსაც ხალხის აზრი ამ საკითხში ნამდვილად აინტერესებს, კი არ ეწინააღმდეგება მას, არამედ ვალდებულია, უზრუნველყოს რეფერენდუმის ჩატარება.

საქართველოში დღეს უცხოელებთან მიმართებაში დასაშვებად მიმაჩნია გრძელვადიანი (41-წლიანი) გასხვისებადი იჯარის (სარგებლობის უფლების გაყიდვა) ფორმის გამოყენება, რომელიც მსოფლიოს უმეტეს დემოკრატიულ, საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებშია გამოყენებული.

ქართველი ერისათვის მიწა-წყლის წართმევის მცდელობას იმდენივე ხნის ისტორია აქვს, რამდენიც იმის ცოდნას დანარჩენი მსოფლიოს მიერ, რომ საქართველო «ღვთის მიერ კურთხეული ადგილია», ანუ, თავისი ფართობისადმი პროპორციის მხრივ, ბუნებისგან ბევრად უფრო უხვად დასაჩუქრებული ადგილია, ვიდრე დედამიწის დანარჩენი ტერიტორია საშუალოდ. ეს მცდელობა ხორციელდება არა მხოლოდ გეოსტრატეგიული ქმედებების დონეზე (დაპყრობა, აყრა და ა. შ.), არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის დონეზეც, სახელდობრ, თვით საქართველოს სინამდვილეში იმგვარი «მშვიდობიანი» დივერსიული ცვლილებების განხორციელების (ან სათანადო მცდელობის) დონეზეც, რომლებმაც შედეგად უნდა მოიტანოს ფაქტობრივი და ფსიქოლოგიური ბმის შესუსტება საქართველოს მიწასა და მის კანონიერ პატრონს, _ ქართველ ერს შორის.

დასასრულ, ფართოდ უნდა გაცხადდეს საქართველოს საზოგადოების ერთობლივი აზრი, რომ უცხოელებისთვის ხელოვნურად გაღატაკებული გლეხების მიწის მიყიდვა (ან სასოფლო-სამეურნეო მიწის 99 წლით იჯარით გაცემა) არის კანონსაწინააღმდეგოდ მოპოვებულის გაყიდვა და რომ ასეთი ნასყიდობები გაუქმდება. მოსახლეობის ეს ნება და ეს აზრი გაფრთხილების ფორმით უნდა მიეწოდოს შემოსახლების მსურველებს, როგორც გაფრთხილება ნაქურდალის ყიდვის გამო, აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით.

გლეხკაცს _ ქართული მიწის მთავარ მეურვეს (ადგილის კაცი, მკვიდრი მიწათმოქმედი. _ ილია ჭავჭავაძე) _ შეუძლია არამარტო ქვეყნის გამოკვება საკუთარი წარმოების პროდუქციით, არამედ სახელმწიფოს ძლიერების საძირკვლის ჩაყრაც.

საქართველომ სასწრაფოდ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი და შეაჩეროს (აკრძალოს) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასხვისება (ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებამდე) უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც საქართველოში არიან დაფუძნებული, მაგრამ მათში ნებისმიერი მასშტაბით მონაწილეობენ არარეზიდენტი იურიდიული თუ ფიზიკური პირები. ამ მოთხოვნის შესრულება ოდნავადაც არ გააუარესებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს, პირიქით, უდიდეს საფრთხეებს ააცილებს მას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა მიისწრაფის ევროკავშირისკენ და იმედია, რომ ახლო მომავალში გახდება ამ ორგანიზაციის წევრი. ცხადია, წევრობა გულისხმობს გარკვეულ ვალდებულებებს, მათ შორის _ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას მიწის საკუთრების საკითხშიც. საქართველომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს მიწათსარგებლობის ახალი კანონი (კოდექსი).

პაატა კოღუაშვილი, პროფესორი  
 


Comments




Leave a Reply