Picture
ზოგჯერ, ერთი შეხედვით, სულ უმნიშვნელო მოვლენას - საგანგებოდ წარმოთქმულ სიტყვას ან ფრაზას, შეუძლია ძირფესვიანად შეცვალოს ადამიანის მსოფლმხედველობა, მისი მიზანდასახულება თუ განაზრახი. დღემდე დიდი დავაა ისტიორიკოსებს შორის გიორგი სააკაძის პიროვნების ირგვლივ, საკუთარ სამშობლოსთან დამოკიდებულების მიხედვით - იყო იგი ერის თვითმყოფადობის გადამრჩენი, თუ ქვეყნის დამამხობელი. ორივე ამ მოსაზრების მომხრეთა შემარიგებლად და გიორგის სამოღვაწეო კრედოს განმსაზღვრელად ალბათ გამოდგება ფრაგმენტი მომაზონი მარინე-მაკრინეს თხზულებიდან, სადაც წმიდა მეფე ლუარსაბთან გიორგი სააკაძის დიალოგია აღწერილი::

„გიორგი სააკაძე შეუძრწუნებლად ვერ უყურებდა მეფე ლუარსაბს, რომელიც მის მიმართ არავითარ გულისწყრომას არ გამოთქვამდა. თბილისის ციხე-სიმაგრიდან, რასაც შაჰ-აბასი ათვალიერებდა, ლუარსაბ მეფემ მიაპყრო თვალი სიონის ტაძარს, პირჯვარი გადაიწერა და დიდებული ლოცვა წარმოთქვა: - უფალო, აპატიე ჩემს მტრებს!

შეძრწუნებულმა გიორგი სააკაძემ ძლივს მოახერხა ეთქვა: „მე ვარ შენი მტერი?“ და თვალები ცრემლით აევსო.


-შენ შეგეძლო შური ჩემზე გეძია, - უპასუხა მეფემ - ხალხს რას ერჩოდი, რომელიც სამუდამოდ დაიღუპა, ან ეკლესიას, რომელმაც შენ სარწმუნოება და ცხოვრება მოგანიჭა?“

მონაზონი მაკრინე წერს, ამ, წუთიდან გიორგი სააკაძე გულით სპარსეთის მტერი გახდა და გადაწყვიტა, ადრე თუ გვიან ბოლო მოეღო საქართველოში სპარსეთის ბატონობისთვის, რაც მის სულს მძიმე ტვირთად აწვაო!

გიორგი სააკაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვა მრავალ შეფასებასთან ერთად, ცხადია, მაკრინე მონაზონის თვალსაზრისიც შეიძლება ჩაითვალოს ანგარიშგასაწევად…






Leave a Reply.