აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ნახევარძმა, ჯორჯ ობამა კენიის დედაქალაქ ნაირობში უკიდურეს გაჭირვებაში, ქოხში ცხოვრობს.

ჯორჯს და ბარაკს საერთო მამა ჰყავთ. ბარაკი ჰავაიში დაიბადა და დედამისი მამის მეორე ცოლი იყო, ხოლო ჯორჯი მამის მეოთხე ქორწინების შედეგად კენიაში გაჩნდა.

ძმების ცხოვრება ძალიან განსხვავებულია - მაშინ როცა ბარაკს თეთრი სახლის აპარტამენტებში ფუფუნებისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი, მისი ძმა ღამეს ფარდულში ათევს.
ბარაკ ობამას ნახევარძმის ცხოვრების დეტალები მაშინ გამჟღავნდა, როცა ჯორჯი დოკუმენტურ ფილმში "2016 -  ობამას ამერიკა" მონაწილეობის მიღებას დათანხმდა. გარდა ამისა, ჯორჯმა მემუარები - "სამშობლო" დაწერა.

"ჩემი ძმა ისე იზრდებოდა, რომ მსოფლიოს ზესახელმწიფოს ლიდერი გამხდარიყო. აქ, კენიაში კი ჩემი მთავარი მიზანია, დედამიწაზე ყველაზე ღარიბი ხალხის ლიდერი გავხდე. ეს ადამიანები ჯურღმულებში ცხოვრობენ", - ამბობს ჯორჯი.

როგორც ჯორჯი აცხადებს, ბარაკს პირველად სპორტულ მოედანზე, სკოლაში შეხვდა. 2006 წელს კი მათი გზები მაშინ გადაიკვეთა, როდესაც ობამა, როგორც სენატორი, აღმოსავლეთ აფრიკას ტურის ფარგლებში ეწვია. ძმებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. 

ვიდეოში ფილმის რეჟისორი ჯორჯ ობამას ეკითხება, რატომ არ ეხმარება ძლევამოსილი პრეზიდენტი გაჭირვებაში მცხოვრებ ძმას. ჯორჯი კი პასუხობს: "პრეზიდენტს თავისი ოჯახი ჰყავს და უამრავი საქმე, რომელიც უნდა მოაგვაროს. ის ზრუნავს მსოფლიოზე, ე.ი ის ზრუნავს ჩემზეც".

ობამას მამა (მასაც ბარაკი ერქვა), საუკეთესო სტუდენტი იყო. ის პირველი აფრიკელი იყო, რომელმაც ჰავაის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში სტიპენდია მიიღო. შემდეგ ამერიკელ ანთროპოლოგს, ანა დუნჰამს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ის უკვე დაქორწინებული იყო და კენიაში ცოლი ელოდა, ის ანას ატყუებდა, რომ განქორწინებული იყო.

1961 წელს ობამას მამა და ანა დაქორწინდნენ. ამ დროისთვის ანა 3 თვის ფეხმძიმე იყო. 1964 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ბარაკმა ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ჰავაიში დატოვა და კენიაში დაბრუნდა. შემდეგ მეოთხე ცოლად ჯაელი მოიყვანა და ჯორჯი შეეძინათ. 

ობამების მამა ავტოავარიაში გარდაიცვალა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.  



Leave a Reply.