Picture
პარტიის  ლიდერებმა მაჟორიტარობის კანდიდატის პრეზენტაციისას  ქუთაისის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და  პარტიის მიზნებზე ისაუბრეს. „თუ რომელიმე კუთხის წინაშე ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ვალდებულება, ეს არის იმერეთი და ქუთაისი. ქდმ–ს საარჩევნო ყულაბაში ყველაზე მეტი სწორედ იმერული ხმა ფიგურირებს. ჩვენ გვსურს ქუთაისი იყოს საპარლამენტო,  კულტურული, საგამანათლებლო ცენტრი. 

საქართველოს პრეზიდენტი მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში  ვერ იქცა ქართველი ხალხის პრეზიდენტად. ის არის  ერთი მუჭა, ერთი პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტი. ხალხს არ სჭირდება  ერთჯერადი  ვაუჩერები, ხალხს უნდა დასაქმება,“ – განაცხადეს პარტიის ლიდერებმა.

მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ახვლედიანის თქმით, ის  ქალაქსა და მის პრობლემატიკას კარგად იცნობს. კონკურენტად კი არსებულ ხელისუფლებას მიიჩნევს.

 „იმ ხნის განმავლობაში რაც პოლიტიკაში ვარ, მე ვკურირებ  იმერეთის რეგიონს და მის პრობლემებს პარტიაში.  ქუთაისს ბავშვობიდან ვიცნობ. ქალაქში თანხები იხარჯება არა რეალურ პრობლემებზე, არამედ პრეზიდენტის ოცნებებზე. როგორიცაა მაგალითად ველოგზა და ფასადი ქალაქის ცენტრში, რომლის მიღმა ხელისუფლებას არ შეუხედავს.  დღეს რეალობა უმძიმესია. ადამიანების აბუჩად აგდების ტრადიცია ჩვენი დასამარცხებელია. ხალხს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენს პარტიას შეუძლია არა იოცნებოს, არამედ საქმე აკეთოს. ხელისუფლებამ დღეს ამოწურა ყველა რესურსი. მას მეტი სიკეთის მოტანა აღარ შეუძლია. პოლიტიკაში პროგნოზების გაკეთება რთულია. თუმცა რადგან ჩვენ წავედით ამ ბრძოლაში და დავაყენეთ მაჟორიტარის კანდიდატურა, დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში,“ – ამბობს გიორგი ახვლედიანი. 



Leave a Reply.