Picture
აგვისტოს ომიდან 4 წელიწადი გავიდა, მაგრამ იმ ხუთდღიანი ომის შესახებ რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ რუსულ სამხედრო საიტზე საინტერესო სტატიას წავაწყდით. მასში რუსი სამხედრო მფრინავის ივან კონიუხოვის "საგმირო საქმეებზეა" საუბარი.

სტატიიდან, რომლის ავტორიც "კრასნაია ზვეზდაა" (რუსეთის თავდაცვის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო), ვიგებთ, რომ მაიორი კონიუხოვი ომის დაწყებამდე კრასნოდარის მხარეში სამხედრო აეროდრომზე ინსტრუქტორად მუშაობდა. 8 აგვისტოს მისი ნაწილი საქართველოსთან უფრო ახლოს - ბუდიონოვსკის აეროდრომზე გადმოისროლეს. აქ დისლოცირებული ნაწილი უკვე მონაწილეობდა საქართველოს დაბომბვებში და რამდენიმე თვითმფრინავიც დაკარგა.

Picture
საბრძოლო დავალებაზე კონიუხოვი 11 აგვისტოს გაფრინდა და როგორც თვითონ ირწმუნება, ზემო-ნიქოზთან 6 ქართული ტანკი და 3 სატვირთო მანქანა გაანადგურა. შეტევის დასრულებისთანავე მის თვითმფრინავს საზენიტო რაკეტა მოხვდა. შემდგომ რუსები ერთსულოვნად დაასკვიან, რომ ეს "სტინგერი" იყო. 

რაკეტამ თვითმფრინავს ცალი ძრავა და სანავიგაციო სისტემები დაუზიანა. ფრენის სიჩქარე 220-230 კმ/სთ-მდე დაეცა. სანავიგაციო სისტემების გარეშე დარჩენილმა კონიუხოვმა აეროდრომამდე თითქმის 1 სთ იფრინა. როდესაც საწვავის მაჩვენებელმა ავარიული მარაგი აჩვენა, მას კიდევ 300 კმ ჰქონდა საფრენი. კატაპულტირებას მან თვითმფრინავის უახლოეს აეროდრომზე - მოზდოკში დაშვება ამჯობინა.

ერთი შეხედვით სტატიაში ყველაფერი რუსი პილოტის გმირობაზე მიუთითებს - ქართული ტანკების განადგურება, რომლებიც თითქოს ცხინვალის მოსახლეობას ხოცავდნენ, დაზიანებული თვითმფრინავით დაბრუნება. მაგრამ რეალურად სტატია სავსეა სიცრუით. 

ყველაზე დიდი სიცრუე - "სტინგერის" გამოყენებაა. ამ საზენიტო კომპლექსს მხოლოდ აშშ აწარმოებს. ვაშინგტონს "სტინგერები" საქართველოსთვის არ მიუყიდია. ჩვენ ისინი დღესაც არ გვაქვს.

Су-25, რომელზეც კონიუხოვი დაფრინავდა, მართლაც დიდი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა და ავღანეთში ომის დროს (სსრკ-ს დროს) ზოგჯერ "სტინგერის" მოხვედრას ის მართლაც უძლებდა.

თუ დავუშვებთ, რომ ორიენტაციისთვის მაიორი მზეს მართლაც იყენებდა, მანძილების დასახელებისას მან იცრუა. მისი თქმით, დაზიანების შემდეგ ცალი ძრავით 220-230 კმ/სთ სიჩქარით, მან 1 სთ იფრინა. შესაბამისად, 220-230 კმ დაფარა. ცხინვალიდან ბუდიონიოვსკამდე 290 კმ-ია, მოზდოკამდე კი - 180 კმ. არცერთ ვარიანტში ერთ საათიანი ფრენის შემდეგ, მას დამატებითად 300 კმ არ ექნებოდა საფრენი.

Picture
ცალკე საკითხია რეალურად შეასრულა თუ არა მან 11 აგვისტოს საბრძოლო ფრენა. თუმცა ფაქტია - რუსებს საკუთარი შეთხზული ისტორიის მართლა სჯერათ. ომის შემდეგ კონიუხოვი მაშინდელმა  პრეზიდენტმა მედვედევმა რუსეთის გმირის წოდებით დააჯილდოვა.

მსგავსი ტყუილები ომის დროს მრავლად იყო. გავიხსენოთ თუნდაც ვითომ 10 აგვისტოს საღამოს ქართულ და რუსულ სამხედრო ხომალდებს შორის მომხდარი საზღვაო ბრძოლა. რუსების მტკიცებით, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით შეიარაღებული 5 ქართული კატარღა რუსულ სადესანტო ხომალდზე შეტევას ცდილობდა. კატარღებს რომ თავი დავანებოთ, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები საქართველოს არასდროს ჰქონია - ისინი უბრალოდ არავინ მოგვყიდა. თუმცა მითიური საზღვაო ბრძოლის მონაწილენი რუსეთის მთავრობამ მედლებითა და ორდენებით დააჯილდოვა.

ნუკრი მგელაძე




Leave a Reply.