Picture
ბაგრატის ტაძრის აღდგენა ქართველი ხალხის ოცნება იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში განაცხადა, სადაც ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვაში მონაწილეობდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს მისთვის დიდი დღეა და დღევანდელი დღე არის მისი ბავშვობის ოცნების ასრულება.

"ეს ტაძარი დაანგრია რუსეთის არტილერიამ, სხვა ტაძრებში ფრესკები გადაგვიღებეს. არის დრო ქვების გაბნევის და არის დრო ქვების შეგროვების. ჩვენ ახლა გვაქვს საქართველოს აღმშენებლობის დრო. 

ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, ეს აღმშენებლობა ყველას ეკუთვნის. ჩვენ მართლა შევდივართ ოქროს ხანაში. ხალხს ჯერ ძალიან უჭირს, მათ შორის ქუთაისში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ყველაფერი უნდა აღვადგინოთ, ავაშენოთ და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილება", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის საკითხის პოლიტიზირება მას არ დაუწყია და იყო ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ტაძარი არ უნდა აღდგესო.

"თუკი რამე შენდება, აღიზიანებთ. ხალხო, რა გაღიზიანებთ, ჟამი გამოცვლის პრეზიდენტებსაც, მთავრობებსაც, ყველას, მაგრამ ეს ხომ დაგვრჩება, ეს ეკუთვნის სრულიად საქართველოს. ეს ეკუთვნის პოლიტიკოსსაც და არაპოლიტიკოსსაც, მორწმუნეს და არამორწმუნესაც, რადგან ბაგრატი არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო. ეს ერთიანი საქართველოს აღდგენის საწინდარია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ბაგრატის ტაძრის აღდგენა არა მხოლოდ მისი, არამედ ქართველი ხალხის ოცნებაც იყო.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს, პრეზიდენტმა მეუფე დანიელს, არქიტექტორსა და მშენებლებს მადლობა გადაუხადა.  



Leave a Reply.