Picture
პატრიარქი მრევლს ყოველკვირეულად რომელიმე კონკრეტული წიგნის წაკითხვას დაავალებს . ახალი ტრადიციის დამკვიდრების შესახებ ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას განაცხადა და მრევლს უკვე პირველი დავალებაც მისცა.

პატრიარქის თქმით, საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომლებიც წიგნის კითხვაში ყველაზე ბოლოს დგანან.


"ჩვენ კითხვით თავს არ ვიწუხებთ - გადართულები ვართ ინტერნეტზე და ტელევიზიაზე. ეს ყველაფერი ზედაპირულია. აუცილებელია ჩაღრმავება საკუთარ თავსა და გონებაში. ამიერიდან კვირაობით მოგცემთ დავალებას, რომ წაიკითხოთ რომელიმე კონკრეტული წიგნი. 
ხუთშაბათობით, 19:00 საათზე შევიკრიბებით სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში და განვიხილავთ იმ აზრსა და შინაარსს, რაც ამ წიგნშია ჩადებული. ერთი ადამიანი გააკეთებს მოხსენებას და შემდეგ იქნება განხილვა. მეც დაგესწრებით ხოლმე. ასე, რომ გინდათ თუ არა, წიგნი უნდა წაიკითხოთ", - ბრძანა უწმინდესმა და პირველ წიგნად, რომელიც მრევლმა უნდა წაიკითხოს, ბიბლია დაასახელა.

პატრიარქის თქმით, ის წიგნთა შორის უდიდესია და აუცილებელია, ყველა ადამიანმა იცოდეს.
"თუმცა, ბიბლიას ხუთშაბათამდე ვერ წაიკითხავთ, ამიტომ გეძლევათ კურთხევა, წაიკითხოთ იობ მრავალტანჯულის წიგნი, რომელმაც მრავალი ტანჯვა გადაიტანა და მაინც რწმენის ერთგული დარჩა. ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ამ წიგნის შინაარსს სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში განვიხილავთ", - მიმართა მრევლს ილია მეორემ.  



Leave a Reply.