Picture
საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ოლიმპიელებით ამაყობს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში განაცხადა, რომელსაც ოლიმპიელებთან ერთად დღეს საღამოს სტუმრობდა . 
პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთმა შესაძლოა თქვას, რომ მეტი შეიძლებოდა, თუმცა მსოფლიოში ძალიან ცოტაა ქვეყანა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე იმდენივე ოქროს მედალი მოდის, რამდენიც საქართველოში. 
"მოსახლეობისა და მედლების რაოდენობის შედარების 

გათვალისწინებით ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ადგილზე ვართ და ამით ძალიან ვამაყობ. ძალიან ამაყი ვარ იმითაც, რომ აბსოლუტური ჩემპიონი თუ არა, მსოფლიოს ქალაქების პირველ სამეულში ოლიმპიური მედლების კუთხით არის ქალაქი გორი. ხინჩაგაშვილი, გოგშელიძე, შავდათუაშვილი გორიდან არიან", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ შავდათუაშვილი გოლიათი ეგონა და ახლა მის გვერდით თავს ცოტა უხერხულად გრძნობს. 
"მაგრამ ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღონიერი ტიპი და არის გორიდან, კარალეთიდან. ეს არის ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიელი და ყველაზე ახალგაზრდა გუნდი, რომელიც კი ოდესმე გვყოლია",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 
პრეზიდენტმა შავდათუაშვილის ოჯახში სტუმრობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ლაშა შავდათუაშვილის მსგავსად, მისი მამაც ცოტას საუბრობს და ოჯახის სპიკერი ოლიმპიური ჩემპიონის ბაბუა – ბიჭიკო შავდათუაშვილია. 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ოლიმპიადაზე 35-დან 31 ქართველი დებიუტანტი იყო. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ 4 წელიწადში მათგან საოცნებო გუნდი დადგება. 
"არ შემიძლია არ ვიტრაბახო, რომ "ვარდების რევოლუციამდე" ჩვენ ვიყავით ბრინჯაოს ეპოქაში – ერთ ოლიმპიადაზე ორი ბრინჯაო, ხოლო მეორეზე 5 თუ 6 გვქონდა. 2004-ში კი ათენის ოლიმპიადაზე გვქონდა პირველი ოქრო, 2008-ში გვქონდა 3 ოქრო პეკინში, ახლა, მართალია, ერთი ოქრო გვაქვს, ეს ბედის გაღიმებაზეა, მაგრამ სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო გვაქვს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი ჩვენი პატარა მებრძოლი ქვეყნისთვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.  


წყარო: www.facebook.com/GeorgianDailyNews 



Leave a Reply.