Picture
 ერეკლე მეორისა და დარეჯანის უფროსმა შვილმა ლევანმა ალაზანზე ლეკები დაამარცხა, დადგა სოფელ ველისციხეს; იქ უცბად გარდაიცვალა. ერეკლეს მტრებმა ხმა დაყარეს: ერთი კაცი თავის ცოლზე ლევან ბატონიშვილს მისწრებია და ხანჯლით მოუკლავსო. ეს ამბავი ერეკლეს მაშინათვე მოახსენეს. ერეკლემ არც თვითონ იგლოვა და არც სხვები აგლოვა. მისი ბრძანებით, ლევანის გვამი კახეთიდან ავლაბრის დარიას ეკლესიაში დაასვენეს. ერეკლეს უთქვამს: “თუ ჩემი შვილი ლევანი მართლა ხანჯლით განგმირულია დედაკაცზე ქმრისაგან, ჭეშმარიტებას ვფიცავ, სახალხოთ ვათრევინებო ლევანის გვამს”. მეფე ამალით ავლაბრისაკენ გაემართა. ლევანის სიკვდილით დამწუხრებული და მეფის ქადილით შეწუხებული ამალა სრული დუმილით მიემართებოდა. ერეკლემ შვილის ცხედარი ეკლესიიდან გარეთ, დღის სინათლეზე გამოასვენებინა, ტანს გაახდევინა და უბრძანა გაეჩხრიკათ სად იყო ნაჭრილობევი. ჭრილობა არსად არ აღმოაჩნდა, მთელი სხეული კი ძალზე ჰქონდა გალურჯებული. მაშინ ერეკლემ დაიჩოქა და მოთქმით ტირილს მოჰყვა.

კიდევ სხვა შემთხვევა:

ერთხელ, დილაადრიან ერეკლეს მოესმა, რომ მისი ორი მსახური ერთმანეთს ეკამათებოდა. ქართველმა მსახურმა ქურდაშვილმა თათარ მსახურს თურმე უთხრა: “შე რჯულ ძაღლო თათარო”. ამის გამო, ერეკლეს ბრძანებით, ქურდაშვილს ენა ნემსით დაუჩხვლიტეს. მეფეს მსახურისათვის უთქვამს: კარგად უნდა იცოდე, რომ როგორც შენ შენი რჯული გიყვარს, ისე მაგას თავისიო. მეფეს თავისი სასახლიდან ქურდაშვილი გაუძევებია.

ხოლო თუ როგორი იყო ზრუნვა ქართველ ხალხში არსებული ზნეობრივი ტრადიციების დაცვისათვის, ამას შემდეგი მაგალითიც მეტყველებს.

მძიმე ავადობისას, მარხვაში, ერეკლეს გაუკეთეს ვარიის წვენი (შორვა), ბრინჯიც გაუკეთეს, – ექიმებმა თქვეს არგებსო. ერეკლემ სუნით იგრძნო და განრისხდა: მე რომ ხორციელს პირი დავაკარო, სხვები რას იზამენ, ქვეყანა გაირყვნებაო და მოიშორა საჭმელი.

ეს მომხდარა 1798 წლის 5 იანვარს და 11 იანვარს ერეკლე გარდაიცვალა.

ი. უთარაშვილის წიგნის “თეკლა ბაგრატიონის” (თბ., 1991წ.) მიხედვით. (2172)





Leave a Reply.