Picture
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ე.წ. „დივერსანტების“ ასლან მარგოშვილის, ბაჰაუდი ალდამოვის და ბაჰაუდი ბაღაკაშვილის ფოტოები მოიპოვა. გადამოწმებული ინფორმაციით, ცხედრები ერთ–ერთი გარდაცვლილის ახლობელმა ამოიცნო.

საქართველო – დაღესტნის საზღვართან, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნება, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. შსს–ს 29 აგვისტოს ინფორმაციით, ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი. შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა 29 აგვისტოს თელავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 11 დივერსანტი ლიკვიდირებულია, 6 კი - ალყაშია.

31 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულებიდან რამდენიმე პანკისის ხეობის მკვიდრი იყო. ბაჰაუდი ალდამოვის ოჯახი, რომელიც დუისში ახალი მეჩეთის წინ ცხოვრობს, 30 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში თანასოფლელებისგან სამძიმარს იღებდა. 30 აგვისტოს იგეგმებოდა გარდაცვლილთა დაკრძალვაც, თუმცა გადაიდო. დუისის სასაფლაოზე 6 საფლავიც არის გაჭრილი, სადაც ამ დრომდე არავინ დაუკრძალავთ. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, პანკისში ჟურნალისტების ჩასვლის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხედრების გადაცემაზე უარი თქვეს, უშიშროების სამსახურის და პოლიციის თანამშრომლებმა კი დუისის მაცხოვრებლებს მოსთხოვეს საფლავების გათხრა შეეწყვიტათ და ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაეკეთებინათ.

1 სექტემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან საქართველოს მოქალაქე არცერთი არ არის. შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელის სალომე მახარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულები პანკისის ხეობის მაცხოვრებლები იყვნენ და დუისში უნდა გადაასვენონ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის მიუხედავად, ბოლო ინფორმაციით, ცხედრების გადაცემას გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ელოდებოდნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება პანკისის ხეობიდან, ვიდრე ჟურნალისტები ხეობას არ დატოვებენ, ხელისუფლება ცხედრების გადაცემას არ აპირებს.

მუსლიმანური ტრადიციით, გარდაცვლილი იმავე დღეს, მზის ჩასვლამდე უნდა დაიკრძალოს, რაც ვერ მოხერხდა, რის გამოც ხეობაში მცხოვრები ქისტები აღშფოთებულები არიან.

ფოტოზე: 1 – ასლან მარგოშვილი;  2 – ბაჰაუდი ალდამოვი;  3 – ბაჰაუდი ბაღაკაშვილი 
Picture
ასლან მარგოშვილი
Picture
ბაჰაუდი ალდამოვი
Picture
ბაჰაუდი ბაღაკაშვილი



Leave a Reply.