Picture
კოალიცია "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 41 ნომრით მიიღებს. გადაწყვეტილება ცესკოს სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

ცესკოს სპიკერის თქმით, ნომრის გარეშე მხოლოდ ერთი გაერთიანება იყო დარჩენილი. ამიტომ წილისყრის ჩატარებას აზრი აღარ აქვს.

ცესკოს წინ მიმდინარე აქცია დასრულდა. კოალიციის წევრის ზურაბ ტყემალაძის თქმით, ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.~ 

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები ცესკო-ს პოლიტიზირებულობაში ადანაშაულებენ. დღეს დილით ზვიად ძიძიგური ცესკოში გამოცხადდა, ეუთოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა მოითხოვა და განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" არჩევნებში ნომერი 7-ით სურს დარეგისტრირება. განაცხადი ნომრის მინიჭებაზე "ქართულმა ოცნებამ" უკვე შეიტანა ცესკო-ში, თუმცა ძიძიგურის თქმით, საარჩევნო კომისია მათ განგებ არ აძლევს დასტურს. ცესკო-ს მიერ გადაწყვეტილების დაყოვნება ასევე გააკრიტიკა კოალიციის სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ უნომროდაც მოიგებს. კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, რომლის თქმითაც კოალიციას საარჩევნოდ უკვე ყველაფერი დამზადებული აქვს: საარჩევნო ბანერები, პლაკატები, მაისურები, გაზეთები და თუ კოალიციის ნომერი შეიცვლება, მათ ყველაფრის ახლიდან დამზადება მოუწევთ.

„ქართული ოცნებების“ ბრალდებების საპასუხოდ ცესკომ განმარტა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად თუ არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ, ხოლო ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით. 



Leave a Reply.